ანასეული: ინსტიტუტი თუ საშუალო დონის ლაბორატორია? ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურიის რეგიონი და საქართველო კარგავს ჩაის დარგის ერთადერთ სამეცნიერო ცენტრს
ანასეული: ინსტიტუტი თუ საშუალო დონის ლაბორატორია? ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურიის რეგიონი და საქართველო კარგავს ჩაის დარგის ერთადერთ სამეცნიერო ცენტრს
ოზურგეთში, ანასეულში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჯერ კიდევ 1930 წელს შეიქმნა. 1953 წელს აქვე დაარსდა ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. შემდგომ პერიოდში, ამ ინსტიტუტების ბაზაზე, შესაბამისად 1975 და 1981 წლებში, დაფუძნდა ორი საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება. 2006 წლიდან, რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის აკადემიის დაქვემდებარებაში.
ამ სამეცნიერო ორგანიზაციების მეცნიერული კვლევები საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირში სუბტროპიკული მეურნეობის და ჩაის მრეწველობის ჩამოყალიბებას, განვითარებას, დარგის მაღალ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დონეზე აყვანას, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული რეგიონის, განსაკუთრებით გურიის, სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ამაღლებას. გაერთიანებებს გააჩნდა ფილიალები რუსეთში (მოსკოვი, ადლერი), აზერბაიჯანში (ლენქორანი), აჭარაში, აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, თბილისში.
ანასეული გადაიქცა საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო და მარალკვალიფიციური კადრების მომზადების ცენტრად, შეყვანილ იქნა მსოფლიო ტურიზმის რუკებსა და პროსპექტებში. აქ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სასწავლებლად ჩამოდიოდნენ სპეციალისტები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ცეილონიდან, ვიეტნამიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვიეტნამის თანამედროვე ჩაის ფაბრიკები შეიქმნა უშუალოდ ანასეულის მეცნიერების და ინჟინრების მონაწილეობით, ანასეულის ტერიტორია და ტყე-პარკი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით და მოწყობილობით, რაც დღესაც შენარჩუნებულია ძირითადად.
ამ ბოლო დროს გახშირდა მითქმა-მოთქმა ანასეულის ინსტიტუტის დახურვის შესახებ. რა ხდება სინამდვილეში? _ ამ კითხვით მივმართეთ ჩაის დარგის ცნობილ მეცნიერს და სპეციალისტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, მეცნიერებათა დოქტორს, რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერს, ბატონ ლევან ქუთათელაძეს.
ლ. ქუთათელაძე: მინდა დავიწყო იქიდან, რომ ყველა დარგის ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და მიღწევებში უდიდესი როლი ენიჭება სამეცნიერო ბაზას, რომელიც შეიცავს კვლევის ცენტრებს, ექსპერიმენტულ მეურნეობებს, ფაბრიკებს, ქარხნებს, სადაც მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერები და ინჟინრები. ზუსტად ასეთი იყო ანასეულის სამეცნიერო ცენტრი.
საბჭოთა კავშირის დაშლამ მთელი რიგი სირთულეები გამოიწვია საქართველოს სოფლის მეურნეობის და მრეწველობის ყველა დარგში, მათ შორის სუბტროპიკულ მეურნეობაში. არ არსებობდა სტაბილური ბაზარი, შეწყდა ცენტრალური მომარაგება, ჩამოიშალა მსხვილი მეურნეობები და კოლმეურნეობები, ნელ-ნელა ნადგურდებოდა ჩაის ფაბრიკები. ამ პერიოდში ინსტიტუტი დარჩა მსხვილი დამფინანსებელი პარტნიორების გარეშე და იღებდა ძალიან მცირე საბიუჯეტო დაფინანსებას, მაგრამ შეძლო ურთულეს პირობებში შეენარჩუნებინა მატერიალურ-ტექნიკური და ექსპერიმენტული ბაზა, განადგურებას გადაარჩინა შენობები და ლაბორატორიები. ანასეულის საცდელ ფაბრიკაში არ შეჩერებულა ექსპერიმენტები და ჩაის წარმოება. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის ფაბრიკის ხელმძღვანელს, ნიჭიერ ორგანიზატორს და სპეციალისტს რაიონის საკრებულოს წევრს, ბატონ გია ხუჭუას.
2006 წლიდან ჩაის ინსტიტუტი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა. ამ პერიოდში (2006-2011 წწ.) მიუხედავად მცირე ხელფასებისა, საცდელი მეურნეობების და ფაბრიკების სხვა უწყებაში გადაცემისათვის, ინსტიტუტმა შეძლო ფეხზე წამოდგომა: საბაზრო ეკონომიკის პირობებისთვის დაზუსტდა ინსტიტუტის კვლევების მიმართულება, ინსტიტუტი შეივსო ახალგაზრდა პერსპექტიული კადრებით, მიღებულ იქნა სახელმწიფო გრანტები, ამუშავდა ექსპერიმენტული სტენტი სხვადასხვა ჩაის პროდუქციის მისაღებად. ფერმერული მეურნეობის აღჭურვისთვის შეიქმნა მაღალხარისხოვანი მცირე გაბარიტებიანი დანადგარები და შესაბამისი ტექნოლოგიები. სუბტროპიკული ხეხილის, ჩაის და ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების ბაზაზე შეიქმნა მსოფლიო დონის ფუნქციონალური ეკოლოგიურად სუფთა სასმელები და სხვა ახალი პროდუქტები. დადგენილ იქნა თანამედროვე ქართული ჩაის დიდი უპირატესობა სავაჭრო ქსელში არსებულ პროდუქციასთან. ინსტიტუტს აქვს კიდევ ბევრი მიღწევები კვლევის სხვადასხვა სფეროში. ღასაკვირველია, არაერთი ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი, მაგრამ...…
`გურიის მოამბე~: რა მაგრამ?
ლ. ქუთათელაძე: 2001 წელს რიგითი რეორგანიზაციის შედეგად ინსტიტუტი აღმოჩნდა აგროუნივერსიტეტის შემადგენლობაში და აქედან დაიწყო ინსტიტუტის ფაქტობრივი ნგრევა. ინსტიტუტში გაუქმდა სამეცნიერო საბჭო, ასპირანტურა, დირექტორს ჩამოერთვა ადმინისტრირების ყველა მთავარი უფლება, ბეჭდის ჩათვლით. მთლიანად შემცირდა სამმართველო აპარატი. დღეს ხომ სკოლის მანდატურებს უფრო მეტი უფლება გააჩნია, ვიდრე დირექტორს.
მეორე ეტაპზე ინსტიტუტის სამოცზე მეტი მეცნიერი თანამშრომელი ჩაიყვანეს თბილისში (ჩვენი ხარჯით), სადაც გაურკვეველი თანამდებობის და განათლების მქონე სამმა პირმა ჩაუტარა 5-15-წუთიანი გასაუბრებები, ბოლოს ერთ-ერთმა წევრმა მოგვახალა: `თქვენ არც ერთი არ ზიხართ ჩვენს ინტერესებში~ და დაგვიქნია ხელი.
გასაუბრების შედეგად 34 მეცნიერი მუშაკი და ტექნიკური პერსონალი, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის შედეგად დაიხურა ინსტიტუტის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები: ჩაის ტექნოლოგიის, მექანიზაციის, ბიოქიმიის, ახალი სახის პროდუქციის და სხვ. ეს მოხდა უხეში კანონდარღვევით (არ გამოცხადებულა და არ ჩატარებულა კონკურსი). მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს იმ თანამშრომლებს, ვინც დარჩა სამსახურში, მაგალითად: ახალი სახის პროდუქციის და ბიოაქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორიის ყოფილი გამგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დიპლომირებული უფროსი მეცნიერ მუშაკი ზურაბ ძნელაძე გადაიყვანეს მეცნიერ მუშაკის 0,5 საშტატო ერთეულზე.
დღეს ინსტიტუტის მაგივრად, ამ `რეორგანიზაციის~ შედეგად ჩვენ მივიღეთ საშუალო დონის ლაბორატორია. რაიონი, გურიის რეგიონი და საქართველო კარგავს ჩაის დარგის ერთადერთ სამეცნიერო ცენტრს, მაღალკვალიფიციური კადრების სკოლას, მაღალინტელექტუალურ პოტენციალს, დარგი რჩება სამეცნიერო ბაზის გარეშე.
`გურიის მოამბე~: როგორი იყო ამ საქმეში ინსტიტუტის დირექციის როლი, თუ იყო საქმის კურსში რეგიონის ხელმძღვანელობა?
ლ. ქუთათელაძე: მომხდარის შემდეგ ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა თემურ რევიშვილმა ბრძანა, რომ გადაწყვეტილებას პერსონალურად ყველა თანამშრომელზე იღებდა აგროუნივერსიტეტის ადმინისტრაცია. აქ ჩნდება ბევრი კითხვა. რა მოხდა სინამდვილეში: შეეძლო თუ არა ინსტიტუტის დირექტორს თანამშრომლების დაცვა. ეს ალბათ მომავალში გაირკვევა. ისე, ნორმალურ და ჩამოყალიბებულ უნივერსიტეტში დირექტორის აზრს, ალბათ, გაიზიარებდნენ.
ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვის მეორე ნაწილს. მე არ ვიცი, ჩააყენეს თუ არა საქმის კურსში გურიის გუბერნატორი, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ვალერი ჩიტაიშვილისთვის ინსტიტუტის დირექტორს დეტალურად, ვიმეორებ, დეტალურად რომ მოეხსენებია, რა საფრთხე ელოდებოდა ინსტიტუტს და თანამშრომლებს, შედეგი ალბათ სხვანაირი იქნებოდა, რა თქვა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ.
ერთ რამეს დავამატებ, თუ საქართველოს ჩაის მრეწველობას ეღირსა მომავალში აღორძინება, 5-10 წლის შემდეგ სპეციალისტები უცხოეთიდან ეყოლება ჩამოსაყვანი.
`გურიის მოამბე~: რა გამოსავალს ხედავთ?
ლ. ქუთათელაძე:  ბუნებით მე ოპტიმისტი ვარ და ამის საფუძველიც არის. ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, ბატონმა ზაზა გოროზიამ ძალიან კარგად ილაპარაკა ქართული ჩაის ღირსებაზე, მნიშვნელობასა და მომავალზე. რაც თავისუფალი საქართველო არსებობს, არც ერთ მინისტრს ჩაი ასე არ უხსენებია. ბატონმა პრეზიდენტმაც ბრძანა, რომ სვამს მხოლოდ ქართულ ჩაის. ცხადია, რომ დღეს ქართულ ჩაის, სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას, დარგობრივ მეცნიერებას ჭირდება მთავრობის დიდი დახმარება. უნდა შემუშავდეს დარგის განვითარების კომპლექსური სამთავრობო პროგრამა. მასში უნდა იყოს გათვალისწინებული ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის შეყვანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ან გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის მმართველობაში.
ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ბატონი ვალერი ჩიტაიშვილის, ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილის, ბატონი ზაზა გოროზიასი და ყველა იმ ადამიანის, ვისაც გული შესტკივა, ვინც იბრძვის გურიის და ჩვენი ხალხის ბედნიერებისთვის.
'.$TEXT['print'].'