შალვა რადიანის სახელობის მუზეუმმა `გურულ რთველს~ უმასპინძლა
ავტორი: თეა იოსელიანი
შალვა რადიანის სახელობის მუზეუმმა `გურულ რთველს~ უმასპინძლა


შემოდგომის გურია, ტრადიციების სრული დაცვით, ფართოდ გაღებული ჭიშკარი და სტუმრებთან გაღიმებული მასპინძლების გულიანი შეხვედრა, გურული სითბოთი და `მობრძანდის~ შემოძახილით.
გასულ კვირას, ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შემოდგომის დღესასწაული შედგა. გურული შემოდგომა იმ გარემოში, სადაც გექმნება წარმოდგენა რა ფესვებიდან მოდიხარ, სადაც ხდები მონაწილე ყველა პროცესის, ინფორმაციული ექსკურსითა და ეფექტებით, სადაც წარმოჩენილია ის პოტენციალი და სიცოცხლისუნარიანობა, რასაც გურული ტრადიციები და ეთნოგრაფია ჰქვია, რა კულტურული მემკვიდრეობაც ამ მხარეს გააჩნია:  
გიდლებით ყურძნის კრეფა, საწნახელის შემობრძანება, ყურძნის დაწურვა, ქვევრის მოხსნა, არყის ხდა, ჩურჩხელების ამოვლება და მოსავლის დაბინავება, ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ფონზე, რაც ახასიათებდა გურულებს საშემოდგომო მოსავლის აღებისას, მათთვის ჩვეული, გულუხვი სტუმართ-მასპინძლობით.
და ამ ყველაფერთან ერთად ფოლკლორული ანსამბლები: "შალვა ჩემო" და "იადონი", ცეკვის ანსამბლი "ზენაარი", გურიის "ხრიდოლის" სკოლა (ავთანდილ თავართქილაძის ხელმძღვანელობით), უძველესი საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლით, ხელნაკეთი და დაწნული ნივთების სახელდახელო ბაზრობა, გიდლებით, კალათებით, ჭილოფისგან დამზადებული დეკორატიული ნივთებით, ერთიანობაში იმ რეალური გურული შემოდგომის სურათს ქმნიდნენ, რომელიც არც მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიებისთვის გემეტება და არც ერთი ლამაზი სანახაობით შემოფარგვლისთვის, უფრო ჩატეხილი ხიდის გამრთელებისთვის, წარსულსა და მომავალს შორის. 
~გურია ერთ-ერთი უნიკალურია თავისი კულტურულ - ისტორიული მემკვიდრეობით საქართველოს სხვა რეგიონებს შორის; ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი აღნიშნულ მემკვიდრეობას და საზოგადოებას შორის არის სწორედ მუზეუმი, რომელიც ცოცხალი მემატიანეა წარსულის. თუ ბოლოდროინდელი ტენდენციებით ვიმსჯელებთ, მუზეუმი და საზოგადოება გაუუცხოვდა ერთმანეთს, კულტურულ-ისტორიული ფასეულობები ნაკლებად საინტერესო და მიმზიდველი ხდება  ახალგაზრდებისათვის, დღითიდღე მათი უფრო ნაკლები რაოდენობა სტუმრობს მუზეუმს, უნიკალური ისტორიული ექსპონატები ასევე ნაკლებად ცნობილია ტურისტებისთვის. არ არსებობს სახალხო დღესასწაულების, მუზეუმის საქმიანობასთან ასოცირებული ფართო მაშტაბიანი ღონისძიებების ორგანიზების ტრადიციები, რაც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს უცხოელ თუ ადგილობრვ ვიზიტორთა მოზიდვას და მათ აქტიურ ჩართულობას კულტურულ ღონისძიებებში.
ჩვენს ორგანიზაციას  აქვს კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება/წარმოების ხანგრძლივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ამ გამოცდილების გაზიარება მუზეუმს ხელს შეუწყობს განავითაროს ახალი სტრატეგია და მიდგომები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მისი საქმიანობის ფართო ასპარეზზე წარმოსაჩენად, მეორეს მხრივ კი ახალი თაობის მისაზიდად და მათთვის შემეცნების და განათლების ინოვაციური და მიმზიდველი გზით გასაზიარებლად. სწორედ ეს იყო პროექტის ძირითადი მიზანი და მიმართულება, თუმცაღა იოლი არ ყოფილა პროექტის სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტება და დაგეგმილი აქტივობების წარმართვა, რადგანაც განმახორციელებელ გუნდს არაერთხელ მოუწია ცალკეული ბარიერის გადალახვა, დიდი ძალისხმევა, რომ ახალი თაობა დაეინტერესებინა, დაეახლოვებინა მუზეუმთან, გაეხადა ისინი სამუზეუმო სივრცის აქტიურ მომხმარებლებად.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე გურული ეთნოგრაფიული კურსის წარმართვა მოსწავლეებისათვის, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი პარტნიორი ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები: გოგა გორდელაძე, რუსლან ურუშაძე, ნინო ვასაძე, მარიკა ღლონტი, დარეჯან გოგუაძე, მანანა ლომაძე, ქეთევან ჭეიშვილი.
…და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეცნიერ-მუშაკის მანანა მემარნიშვილის უანგარო შრომა ჩვენს პროექტში, რომელიც ძალ-ღონეს არ ზოგავდა, რომ მიგვეღწია იმ შედეგისათვის, რაც საზოგადოებამ დვაბზუში გამართულ `გურულ რთველზე” იხილა.
Aაქვე უნდა ითქვას, რომ წინამდებარე პროექტი წარმოადგენდა ადამიანური ურთიერთობების გამოცდისა და პარტნიორობის განვითარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, სადაც  თავისი წვლილი ყველამ შეიტანა ადგილობრივი ხელისუფლების, ოზურგეთის დრამატული თეატრის, კულტურის ცენტრის, ანსამბლების: “შალვა ჩემო”-ს, “იადონი”-ს და”ზენაარი”-ს სახით.
და ბოლოს, იმედს ვიტოვებ, რომ `რთველი გურიაში~ არ დარჩება მხოლოდ ერთჯერად ღონისძიებად, მიიღებს ტრადიციულ  და ფართომაშტაბიან სახეს და კვლავ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, კულტურულმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კვლავაც გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა ხელი შევუწყოთ თაობათა შორის დიალოგს, გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და რა ფესვებზე ვდგავართ, გავუფრთხილდეთ ჩვენს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას და ამავდროულად დროის მოთხოვნებსაც ავუწყოთ ფეხი~_აცხადებს `სტუდენტ-ახალგაზრდული სათათბიროს~ გამგეობის თავმჯდომარე და პროექტის კოორდინატორი ნათია გიგიაძე.
 `უცხოელისთვის, ზოგადად ტურისტისთვის, ეს არის ერთგვარი ეგზოტიკა, რაშიც სიამოვნებით იხდის ფულს, ის ერთი ღონისძიებით სწავლობს იმას, რა ტრადიციაც ერთ რეგიონს დღემდე აქვს შემონახული. ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მან იცოდეს ქართული ისტორია, კულტურა და ეთნოგრაფია, წინა თაობამ ეს იცის, ახალგაზრდებმა კი სწავლების ეფექტური გზით უნდა მიიღოს ინფორმაცია იმ ფესვებზე საიდანაც მოდის.
საერთოდ მუზეუმი, რომ იყოს ცნობადი და წარმოაჩინოსთავის სახე, ყველა ის სტანდარტი უნდა გამოიყენოს, რასაც სთავაზობს 21-ე საუკუნე. თანამედროვე საზოგადოება ითხოვს სამუზეუმო პროდუქტის ახლებურ ინტერპრეტაციას, ანუ დამთვალიერებლისთვის აღარ არის საინტერესო მოვიდეს, შეხედოს და წავიდეს, ის უნდა გახდეს თანამონაწილე იმ პროცესის და პროდუქტის, რომელიც მუზეუმის საკუთრებაშია, მას უნდა შესთავაზო, ინფორმაცია და ეფექტები.
მე პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციას, `სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროს~, რომელმაც განახორციელა ეს პროექტი, რომლის მიმართულება არის მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება და იმ კულტურული ხიდის გამთლიანება. აღსაღნიშნავია ისიც, რომ დონორი ამ პროექტს ახორციელებდა მხოლოდ სამ ქვეყანაში: უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში. პროექტის წარმატებით განხორციელებაში ორგანიზაციასთან ერთად, დიდი წვლილი აქვს მუზეუმის სამეცნიერო ნაწილს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგ-სემინარებისა და კონსულტაციების კუთხით.ი
ინიციატივები, რაც გვქონდა და რასაც ფინანსების არ ქონის გამო ვერ ვახორციელებდით შესაძლებელი გახდა ამ პროექტის ფარგლებში. ამ ორგანიზაციამ ერთ პროექტში ჩადო ეს ყველაფერი; ვებგვერდი, რიფლეტები და პრეცედენტი იმისა, რომ მუზეუმთან გაიხსნა სახელოსნო.
დვაბზუს მუზეუმის, როგორც ავთენტურ_ეთნოგრაფიული გარემოს დატვირთვა აუცილებელი იყო. რახან კალანდამ გაამართლა, გურიის ტრადიციებს და ეთნოგრაფიას აქვს ის პოტენციალი, რომ ყველა სეზონზე შესთავაზოს დამთვალიერებელს რაღაც ახალი, მაგალითად შემოდგომა გურიაში.
მთავარი არის, რომ ამან შეიძინოს სიცოცხლისუნარიანობა, ამ შემოდგომამ გურიაში. ეს არ უნდა დარჩეს ერთჯერად აქციად. თუკი ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ადგილზე ტურიზმი უნდა განვითარდეს, ამაში მუზეუმს აქვს დიდი ნიშა და მას დიდი პოტენციალი გააჩნია~- ღონისძიების მნიშვნელობაზე `გურიის მოამბესთან~ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის `დოპ~ (დამთვალიერებლზე ორიენტირებული პროგრამების) სამსახურის ხელმძღვანელმა მარიკა ჯაყელმა ისაუბრა. 
`გურული რთველი~ იყო კულმინაცია პროექტისა `კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის~, რომელსაც `სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო~ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმთან `აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის; `კულტურის ახალი სიცოცხლე-ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას~ ფარგლებში ახორციელებდა.

'.$TEXT['print'].'